დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

ოფიციალური განცხადება

 

საზოგადოების მომატებული ინტერესი სამართლიანად გამოწვეულია ქვეყანაში უკვე მომხდარი სტიქიური უბედურებებით (ვერეს ხეობა, კრწანისი, დევდორაკი-ამალის ხეობა, და სხვ) რამაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ ნებისმიერი საქმიანობისას, გარემოზე არასწორი ზემოქმედება ან არასაკმარისი პასუხისმგებლობით მოპყრობა დამღუპველია. 

მოსახლეობის სიმჭიდროვის და ბუნებრივი საფრთხეების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქი. თბილისი გაშენებულია საკმაოდ რთულ რელიეფზე და გააჩნია არასტაბილური გეოლოგიური აგებულება – ვიწრო ხეობები, რომლებიც ფორმირებულია საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით არამდგრად ქანებში; ახასიათებთ მეწყრული და ჰიდროლოგიური კატასტროფული მოვლენები; არანკლებ მნიშვნელოვანია მიწისქვეშა წყლების დინამიკაც; რეგიონი მდებარეობს სეისმურად აქტიურ ზონაში და მაგალითისთვის 2002 წლის 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრამ გვაჩვენა რომ თბილისი ამ მხრივაც საკმაოდ მოწყვლადი ქალაქია.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მიიჩნევს რომ ქვეყნის და მათ შორის თბილისის ინფრასტრუქტურის ზრდა და განვითარება რათქმაუნდა აუცილებელია, თუმცა ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორად ჩატარებულ გეოტექნიკურ კვლევებს, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას სამშენებლო პროექტი. აღნიშნული პროცესის სწორად წარმართვისთვის აუცილებელია მშენებლების და მაკონტროლებელი ორგანოების უკან არსებობდეს გამართული და ეფექტური საკანონმდებლო ბაზა.
სანდო კვლევების და სწორი საინჟინრო დაგეგმარების პირობებში მშენებლობა შესაძლებელია რთულ გეოლოგიურ პირობებშიც, თუმცა მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებისთვის და პროფესიული წრეებისთვის ადვილად იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგალითისთვის, არამხოლოდ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნა, არამედ თავად კვლევაც), რისი გაცნობის, და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული კვლევის შემდეგაც, შესაძლებელი იქნება მშენებლობის ხარისხზე ზემოქმედება.