დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

 დევისის უნივერსიტეტის (კალიფორნია, აშშ) გეოლოგებთან ერთად მიმდინარე კვლევის მიზანია საქართველოში აქტიური ტექტონიკური რღვევების თანამედროვე მეთოდოლოგიით შესწავლა. ამ ეტაპზე შევისწავლით ამიერკავკასიის მთათაშუა არისა და კავკასიონის ნაოჭა სისტემის შეხების ზონას, კერძოდ, ქართლის მოლასური ქვეზონის ჩრდილო მონაკვეთზე პალეოსეისმოლოგიური მეთოდოლოგიით ვიკვლევთ აქამდე შეუსწავლელ რღვევას. პალეოსეისმოლოგიური კვლევა გულისხმობს ხელოვნურად შექმნილ ჭრილში (თხრილში) სტრუქტურულად და ლითოლოგიურად განსხვავებული უბნების ინტერპრეტაციას, მათი გრაფიკულ მოდელის შექმნას 1-2 სმ-ანი სიზუსტით. ფიქსირდება რამდენიმე ათასი წლის წინ მომხდარი მიწისძვრების კვალი, განისაზღვრება მათი მაგნიტუდიანობა და დგინდება განმეორადობის ალბათობა და მიახლოებითი პერიოდულობა. აღნიშნული სამუშაოები მოიცავს დეტალურ საველე და კამერალურ სამუშაოებს, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. იგეგმება ჭრილში მნიშვნელოვანი უბნებიდან მოპოვებული რადიონახშირბადით  დათარიღებისთვის ნიმუშების მოძიება და აშშ-ში მისი გაგზავნა დათარიღებისთვის. სამუშაოების შესრულების შედეგად გამდიდრდება და დაზუსტდება რეგიონის სეისმოტექტონიკური მონაცემები.