დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

ზოგადი ინფორმაცია

დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტის ძირითადი მიზანია ქვეყანაში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განვითარება, ამ მიმართულებით კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვა. თანამედროვე ტექნოლოგიების: როგორც აპარატურული, ასევე სამეცნიერო შექმნა და ათვისება. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევებზე დამოკიდებულია ადამიანის სასიცოცხლო გარემოს მრავალი სფერო, რაც პრიდაპირ კავშირშია საქართველოს მდგრად განვითარებასთან.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პრიორიტეტია უზრუნველყოს, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა კვლევით პროცესებში, მომავალ თაობას გადასცეს დედამიწის შემსწავლელ სპეციალობებში მეცნიერების მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება, შექმნას ამისთვის საჭირო ყველა სახის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გააუმჯობესოს თანამშრომებისათის სამუშაო პირობები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის, აზიის და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და კვლევით დაწესებულებებთან. თანამედროვე მეთოდებისა და ახალი სამეცნიერო მიღწევების ტრანსფერი ერთ-ერთი წინაპირობაა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სამომავლო კვლევების სწორი დაგეგმარებისა და განხორციელებისათვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი შედგება შემდეგი კვლევითი, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტისგან: სეისმური მონიტორინგის ცენტრი, გეოლოგიის, გეოგრაფიის, სეისმოლოგიის, საინჟინროს სეისმოლოგიის გამოყენებითი გეოფიზიკის, გეოდეზიის და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტები.

ინსტიტუტი ახორციელებს, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ კვლევებს აქტიური ტექტონიკის და ვულკანიზმის, კლიმატის ცვლილების, დედამიწის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების, სასარგებლო წიაღისეულისა და პლანეტის სხვა რესურსების, სეისმური საფრთხისა და რისკის შეფასების, სამშნებლო ინდუსტრიისათვის სეისმური ნორმების შემუშავების და სხვა გეოფიზიკური, გეომორფოლოგიური თუ გეოლოგიური მეცნიერების მიმართულებით, რომელიც  გამოიყენება გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, საინჟინრო, არქეოლოგიურ სამუშაოებში და მეცნიერების სხვა საბუნებისმეტყველო თუ სოციალურ დარგებში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ამავდროულად წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ოპერირებს საქართველოს ნაციონალურ სეისმურ ქსელსა და სეისმურ მონაცემთა ბაზას. ინსტიტუტი აწარმოებს გეოდეზიურ დაკვირვებებს და ასევე ოპერირებს GPS დაკვირვებების ქსელს.

ინსტიტუტის მიზნები:

1.  საქართველოში განავითაროს სამეცნიერო/გამოყენებითი სახის კვლევები დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებებით, რომელთაც აქვთ როგორც წმინდა პრაქტიკული, ასევე ფუნდამენტური სამეცნიერო ღირებულება.

2.  შექმნას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა უზრუნველყოს აკადემიური განათლების მისაღებად საჭირო ყველა პირობა. ხელი შეუწყოს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარმატებით განხორციელებას. . მოახდინოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დარგების პოპულარიზაცია ახალაგაზრდა თაობაში და დაეხმაროს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ კვლევებში, როგორც ფუნდამენტურ სამეცნიერო, ისე გამოყენებით სფეროებში.

3.  დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტი, როგორც კვლევითი, ასევე სასწავლო მიმართულებების შერჩევისას ხელმძღვანელობს საქართველოს ინტერესებით და პრიორიტეტებით, როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ეკონომიკური ზრდა.

4.  მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საერთაშორისო თანამშრომლობას, ერთობლივი კვლევითი და სასწავლო პროგრამების განხორციელებას მსგავსი პროფილის უცხოურ დაწესებულებებთან.

5.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებით გააუმჯობესოს კვლევისა და სწავლების ხარისხი, მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების მაგალითზე.

6.  ხელი შეუწყოს ინტერდისციპლინარული კვლევების წარმოებას, რათა უზრუნველყოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა პროექტებში, მათი თანამშრომლობისა და მეცნიერთა ურთიერთკომინიკაციის გაუმჯობესების მიზნით.

 

 

ინსტიტუტის საქმიანობის სფეროებია:

1.  სამეცნიერო კვლევითი, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სხვადასხვა სფეროში. ცოდნის გაღრმავება დედამიწის (და სხვა პლანეტების) წარმოშობის, აგებულების, განვითარების და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. პრიორიტეტულია აღნიშნული საკითხების ქვეყნის და რეგიონალური მაშტაბით კვლევა.

2.  ბუნებრივი კატასტროფების კვლევა, საშიშროებების და რისკების შეფასება, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრებზე უწყვეტი დაკვირვებების წარმოება. სეისმური საშიშროების და რისკის შეფასება, სეისმური ქსელის ოპერირება; მონაცემთა რეალურ დროში გადაცემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნა.

3.  ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში სასწრაფო (ოპერატიული) შეტყობინება. ქვეყნის მოსახლეობისა და მთავრობისათვის ინფორმაციის მიწოდება სტიქიის მასშტაბების შესახებ და კვალიფიციური შეფასება.

4.  დედამიწის აგებულების კვლევა გლობალურ და ლოკალურ მასშტაბებში. აქტიური პროცესების კვლევა, ტექტონიკა და ვულკანიზმი. სასარგებლო წიაღისეულის და სხვა სახის გეორესურსების კვლევა და ძიება.

5.  ცვალებადი გარემოს კვლევები. პალეოგარემოს კვლევა და მოდელირება. ლანდშაფტზე და ზოგადად გარემოზე ანთროპოგენული ზემოქმედების შეფასება. ცვლილებების მოდელირება, როგორც წარსულში ასევე მომავალში.

6.  კლიმატის ცვლილების კვლევა. ჰიდროენერგეტიკული და წყლის რესურსების კვლევა და გლაციოლოგია. კლიმატის ცვლილებების გავლენა ლანდშაფტებზე, გაუდაბნოების საკითხების კვლევა.

7.  საქართველოს აკვატორიების გეოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები. შავი ზღვის აკვატორიის შესწავლა, წყალქვეშა კვლევები. საქართველოს ტბების შესწავლა და კადასტრი.

8.  ბუნებრივი რესურსების კვლევა და ტურისტული პოტენციალის შეფასება. გეოგრაფიული ძეგლების, კარსტების და მღვიმეების კვლევა.

9.  სეისმურ, გეოფიზიკურ და სხვა ველებზე დაკვირვებისათვის საჭირო ციფრული აპარატურის შექმნა-სრულყოფა.

10.  საინჟინრო გეოლოგიური კვლევები, გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით. მნიშვნელოვანი საინჟიონრო ობიექტების მონიტორინგი. გრუნტის აგებულების კვლევა გეოფიზიკური მეთოდებით. სეისმო მედეგი მშენებლობის ხელშეწყობა.

11.  გეოსაინფორმაციო სისტემები და აერო-კოსმოსური სურათების ანალიზი. თანამედროვე კომპიუტერული და სატელიტური ტექნოლოგიების დანერგვა და ფართოდ გამოყენება დედამიწის შემსწავლელ კვლევებში.

12.  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელება დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებებით. ახალი სამეცნიერო და ტექნიკური პერსონალის მომზადება და გადამზადება.

13.  დედამიწაზე ალტერნატიული, მწვანე ენერგორესურსების ძიება. ენერგორესურსების შეფასების ინტერდისციპლინური კვლევა და შეფასება.