2018 წლის 26 ოქტომბერს დაბა სურამის ბაიანთხევის და ზინდისის უბნის მოსახლეობამ მოგვმართა წერილით, სადაც წერია, რომ მათ სამოსახლო ტერიტორიაზე და მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესები საცხოვრებელ და სხვა შენობა-ნაგებობებს უქმნის საფრთხეს. მოსახლეობამ გვთხოვა დახმარება გაგვეწია და ჩაგვეტარებინა შესაბამისი კვლევითი სამუშაო, ადგილზე შეგვესწავლა და შეგვეფასებინა საფრთხის რეალობა და სიძლიერე.
2018 წლის ივლისში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოლოგიის და გეოდეზიის დეპარტამენტების სპეციალისტები იმყოფებოდნენ დაბა სურამში, ვიზუალური შეფასებისა და სამომავლო კვლევის დაგეგმვის მიზნით მოინახულეს წერილში აღნიშნული მეწყრული პროცესები,.
პირველადი ვიზუალური შეფასების საფუძველზე ცალსახად ვლინდება აქტიური მეწყრული პროცესები აღნიშნულ უბანზე, რის შედეგადაც აშკარად შესამჩნევია შენობა-ნაგებობებზე მეწყრული პროცესებით გამოწვეული ბზარები და დეფორმაციები. პირველადი შეფასებითაც ცხადია, რომ გადაადგილების სიჩქარე ძალიან დიდია, სავარაუდოდ გრუნტის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილება წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრს აღწევდეს.
2019 წლის ივლისში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის და გეოლოგიის დეპარტამენტების მიერ მოეწყო საველე გასვლა გეოლოგიური პროცესებით დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა ობიექტების დათვალიერების მიზნით.