დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განახორციელა ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა.

გეოფიზიკური და ზოგად გეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედა წელში, მდინარის მარცხენა ფერდობზე გეოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე მეწყრის საშიშროება არ არსებობს, მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მასშტაბის ქვათაცვენები; მარჯვენა ფერდზე არსებული გრუნტი  არასტაბილურია; მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია და არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა; ხოლო მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის ან ღვარცოფის განვითარების შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და წყლის ნაკადის გადმოსვლა არსებული ჯებირიდან. მეწყერი შესაძლოა მიწისძვრამაც დაძრას.

განხორციელებულ 2D ჰიდრავლიკური მოდელირების შედეგებში ასახულია ის სახიფათო ადგილები, რომლებიც საფრთხის ქვეშ იმყოფებიან იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღწერილი წყალმოვარდნის სცენარი განვითარდა (იხილეთ მოდელირების ვიდეო).

აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად მიგვაჩნია მოცემულ ტერიტორიაზე შემდგომი განაშენიანება მოხდეს დეტალური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევების შედეგების შესაბამისად; მაქსიმალურად შეიზღუდოს მშენებლობა მდ. ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე; სამომავლოდ მოხდეს ფერდობის შესწავლა და მონიტორინგი მეწყრული პროცესების თავიდან აცილების მიზნით; ამ ეტაპისთვის აშენებული შენობების დასაცავად მოეწყოს სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები.

(იხილეთ სრული ანგარიში)