ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა განახორციელეს სოფელ ახალდაბში 2015 წლის 13-14 ივნისის ღამეს ჩამოწოლილი მეწყრის მულტიდისციპლინური კვლევა. ექსპედიციაში მონაწილეობდა ინსტიტუტის ოთხი დეპარტამენტი – გეოლოგიის, გეოდეზია–გრავიმეტრიის, გეოგრაფიის და გამოყენებითი გეოფიზიკის. ექსპედიციის მიზანს წამოადგენდა: მეწყრული სხეულის და გეოლოგიური სტრუქტურების აგეგმვა; გრუნტის და ქანის მდგომარეობის განსაზღვრა; და საბოლოოდ, მეწყრის მოწყვეტის სცენარის აღდგენა.
კვლევა განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:
- სეისმური და ელექტრული პროფილირება;
- მაღალი სიზუსტის გეოდეზიური აგეგმვა GPS-ით და Total Station-ით;
- აეროგადაღება და კოსმოსური მონაცემების დამუშვება;
- მეწყრული სხეულის გეომორფოლოგიური და გეოლოგიური აგეგმვა;
- ქანების ლაბორატორიული ანალიზი;
- მონაცემების დამუშავება და პროცესის რაოდენობრივი შეფასება.
სატელიტური მონაცემების დამუშავებამ აჩვენა, რომ მეწყრის ღამეს სტიქიის ეპიცენტრში მოვიდა 156 მმ წვიმა, რამაც გამოიწვია 315 000 მ2 ტერიტორიაზე არსებული მეწყრული სხეულის დაძვრა და ნაწილობრივ მდ. ვერეში ჩატანა. ტერიტორიაზე განადგურდა 15 – 20 ათასი ხე. დაახლოებით 369 000 მ3 მეწყრული სხეული 30-80º დახრის გეოლოგიურ სტრუქტურებზეა შეჩერებული. ასევე, გეოფიზიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ გეოლოგიური ფენები რაზეც მოხდა მეწყრის დასრიალდება, ზედაპირიდან 4-8 მეტრის სიღრმემდე საკმაოდ გამოფიტული და არამდგრადია.