ჩვენი პასუხი ნამახვან ჰესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია „ENKA Renewables“-ს.
ქვემოთ მითითებულია ბმულები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის კვლევას და ჩვენი წერილის სრულ ვერსიას. ასევე მითითებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდის მისამართი, სადაც ნამახვან ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაციაა ატვირთული. ამ ბმულიდან ჩამოვტვირთეთ იტალიური კომპანიის სეისმური კვლევა.
“ბატონ დავით თვალაბეიშვილს
ბატონო დავით,
მივიღეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან პასუხი ჩვენს, 2020 წლის 5 მარტით დათარიღებულ წერილზე. საპასუხო წერილის ავტორი კომპანია “ENKA Renewables” გახლავთ. საპასუხო წერილში მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები სცდება უწყებათაშორისი ინფორმაციის გაცვლის ფორმატს და ის აზრთა გაცვლისა და კამათის სხვა ფორმატს მოითხოვს. ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერ ფორმატში აწარმოოს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ამ წერილით მოგახსენოთ “ENKA Renewables” -ის საპასუხო წერილში არსებული ქვეყნისთვის საზიანო უმწვავესი პრობლემების შესახებ, რომელიც ჩვენს დარგში ანბანური ჭეშმარიტებაა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს კომპანიის მიერ დაქირავებული თანამშრომლების სავარაუდო არაკომპეტენტურობაზე, ან თაღლითობის მცდელობაზე. მიგვაჩნია, რომ საკითხის განხილვა ფართო ფორმატში უნდა მოხდეს, სადაც დარგის წარმომადგენლები დაესწრებიან და საშუალება გვექნება დეტალურად მოვახსენოთ დამსწრე საზოგადოებას ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კვლევის კომპონენტში არსებული უმძიმესი პრობლემების შესახებ. დაბეჯითებით ვამბობთ, რომ „ენკა Renewables“-ის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი სრულიად მიუღებელია, ვინაიდან არავითარი კვლევა ამ ნამუშევარს საფუძვლად არ უდევს. მეტიც, ის არღვევს ყველა საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტს. მაგალითად, ICOLD-ის (დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის რეკომენდაციას, რომელსაც ითვალისწინებს ყველა ქვეყანა) მაღლივი კაშხლების სამშენებლო სტადარტს. ყოვლად დაუშვეებლია, 1999 წლის ზოგადი დარაიონების რუკის მაჩვენებლების გამოყენება ჰესის მშენებლობის დაპროექტებისას. ამას 2010 წლის საქართველოს სამშენებლო ნორმებიც კრძალავს.
მიგვაჩნია, რომ საჯარო შეხვედრას აუცილებელია დაესწროს „ENKA Renewables“-ის მიერ დაქირავებული კომპანიები, რათა წარმოდგენა შეექმნათ კავკასიის ურთულეს გეოლოგიურ და ტექტონიკურ სტრუქტურაზე. მათი ნამუშევრიდან ცხადია, რომ ისინი რეგიონს საერთოდ არ იცნობენ და არ იცნობენ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში რეგიონში წარმოებულ თანამედროვე კვლევებს. ”
იხილეთ მიბმული ფაილები: