ოქსფორდის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) მიერ ნოემბრის თვეში ორგანიზებულ სემინარში (‘Workshop on earthquake geology and active fault hazards’) მონაწილეობა მიიღო ჩვენი ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბოიჩენკომ. რომელიც ჩატარდა ყაზახეთის რესპუბლიკის ალმაატის რეგიონში, დაბა სატიში, ტიანშანის მთათა სისტემის ჩრდილოეთ პერიფერიაზე.
სამუშაო შეხვედრები მოიცავდა ლექციებს, საოფისე და საველე სამუშაოებს, რომელშიც ჩართული იყო 14 ქვეყნის სპეციალისტი.
შეხვედრების განმავლობაში შეისწავლეს და გაეცნენ 1889 წლის ჩილიკის მიწისძვრით (მაგნიტუდა 8.2) წარმოქმნილი გრუნტის და რელიეფის დეფორმაციას დაბა სატის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სემინარი მოიცავდა RTK GPS ით და დრონით დეტალურ ტოპო გეგმილის მომზადებას, საველე პირობებში რელიეფის დეფორმაციის შესწავლას და დასკვნით ნაწილში, პალეოსეისმური თხრილის მოწყობას მიწისძვრით წარმოშობილ რღვევის სკარპზე.
პალეოსეისმური თხრილი მოეწყო დაბა სატის სამხრეთით, მკაფიოდ გამოკვეთილ რღვევის სკარპზე (პარამეტრებით სიგრძე/სიგანე/სიღრმე – 20/3/3 მეტრი). თხრილის გასუფთავება-დამუშავება და შემდეგ შესწავლა მოხდა იტალიელი პალეოსეისმოლოგების ხელმძღვანელობით, დააფიქსირეს დეფორმაციული უბნები, კოსეისმური დეფორმაციები და უშუალოდ ტექტონიკური რღვევის სიბრტყე.
დათარიღებისთვის აიღეს ნიმუშები, რომლებიც გაიგზავნა ოქსფორდის უნივერსიტეტში დასათარიღებლად. ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ აქტიური ტექტონიკის ფუნდამენტალურ კვლევის მეთოდებს. მოხდა ამ სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობა, რომლებმაც საქართველოში მუშაობის სურვილი გამოთქვეს.
პალეოსეისმური და არქეოსეისმური კვლევები უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სეისმური რისკის შესაფასებლად. სამწუხაროდ, საქართველო ამ მიმართულებით კვლევების სიმცირეს განიცდის და ჩვენი ქვეყნის თანამედროვე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხით შევძლებთ საქართველოშიც მყარი საფუძვლის შექმნას მსგავს ვორქშოპებსა და ტრეინინგებში ჩვენი ინსტიტუტის ჩართულობით, ხოლო მომავალ თაობებში გაჩნდება ინტერესი და მოტივაცია, რომ ერთად შევქმნათ უფრო უსაფრთხო და დაცული გარემო საცხოვრებლად.